English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ იოსებ არჩვაძე
საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ის დაშლის წინ:შედარებითი ასპექტი

(იყო თუ არა კეთილდღეობა საქართველოში უფრო მაღალივიდრე საშუალოდ სსრკ-ში?)

რეზიუმე

სსრკ-ის დაშლის შემდეგ მის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნები განვითარების დამოუკიდებელ გზას დაადგნენ. პრობლემებს, რომლებსაც დამოუკიდებლობის გზაზე ყოფილი რესპუბლიკები აწყდებიან, რუსეთის ფედერაცია, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, მთლიანად მათ აკისრებს, მაშინ როდესაც რუსეთის „წვლილი“ წარმოქმნილ პრობლემებში, არც თუ უმნიშვნელოა.

ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა გააძლიერა პროპაგანდა  საბჭოთა პერიოდის იდეალიზაციის მიმართულებით. ამგვარი პოლიტიკის მიზანია, ჯერ ერთი, საქმე წარმოაჩინოს, თითქოს საბჭოთა პერიოდში საქართველო ცხოვრობდა სხვა რესპუბლიკების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ხარჯზე და მეორე, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს მხოლოდ ქართველთა „დამსახურებაა“ და იმის შედეგია, რომ რუსეთი საქართველოს აღარ ინახავს. აღნიშნული პოზიციის მიზანია გაუჩინოს საქართველოს მოსახლეობას ნოსტალგია სსრკ-სადმი, რაც მთლიანად ეწერება ლიბერალური იმპერიის ჩუბაისისეულ კონცეფციაში.

ერთ-ერთი ყველაზე არასწორი თეზისი, რომელიც ვრცელდება რუსული მედია-საშუალებებით, არის ის, თითქოს საბჭოთა პერიოდში  მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში მოხმარება თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა წარმოებას (შესაბამისად, 41,9 ათასი აშშ დოლარი და 10,6 ათასი დოლარი).  რეალურად კი იმ წელს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა: სსრკ-ში - 7563 აშშ დოლარს, საქართველოს სსრ-ში - 6420 აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ში - 24045 აშშ დოლარს. მოხმარების 41.9-ათასიან დონესე თვით აშშ-მა მიაღწია სსრკ-ის დაშლიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ - 2004 წელს.  

რეალურად,  საქართველოში ფაქტობრივი მოხმარება შეესაბამებოდა იმ დოვლათის ღირებულებას, რომელსაც ის აწარმოებდა, რესპუბლიკაში შემოტანილი და გატანილი პროდუქციის ღირებულება თითქმის ტოლი იყო და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით ¼ იყო. ამავე დროს, საქართველოში ცხოვრების დონე, მოსახლეობის კეთილდღეობა (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე) სსრკ-ის საშუალო დონეზე უფრო დაბალი იყო -  დაახლოებით ¼-ით, ხოლო 15 რესპუბლიკას შორის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული და მოხმარებული ეროვნული შემოსავლის მიხედვით ეკავა,  შესაბამისად, მეცხრე და მეათე ადგილი. ეროვნული შემოსავლის წარმოებით და მოხმარებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა  რუსეთის ფედერაციას - შესაბამისად, 33,1%-ით და 33,6%-ით, ხოლო ეკონომიკური განვითარებით პირველ ადგილზე მყოფ ესტონეთის სსრ-ს - 37,4%-ით და 47,1%-ით.

საქართველოში შრომის ანაზღაურება ანალოგიურ საშუალო საკავშირო მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. სსრკ 15 რესპუბლიკას შორის საქართველო იმყოფებოდა: მუშა-მოსამსახურეთა საშუალო თვიური ხელფასით - XIII ადგილზე (საშუალო საკავშირო მაჩვენებლის 77,9%), საბჭოთა მეურნეობის მუშაკთა შრომის ანაზღაურების სიდიდით - XII ადგილზე (69,8%) და კოლმეურნეთა შრომის ანაზღაურებით - XI ადგილზე (96,8%).

საშუალო სულადობრივი ფულადი შემოსავლები  1990 წელს შეადგენდნენ სსრკ-ში 2262,0 მანეთს, რუსეთის ფედერაციაში - 2581,4 მანეთს, საქართველოში - 2216,1 მანეთს, ანუ  სსრკ-ის დონის 98,0 პროცენტსა  და რუსეთის ფედერაციის 85,8 პროცენტს. საქართველო  ჩამორჩებოდა საკავშირო და რუსეთის დონეებს არა მარტო ერთ სულზე ფულადი შემოსავლებით, არამედ ყოველი ერთი მანეთის დასაქონლიანებით. ყოველ 100 მანეთ შემოსავლზე მოდიოდა მხოლოდ 64,5 მანეთის საქონლისა და მომსახურების შეძენა, მაშინ როდესაც სსრკ-ში საშუალოდ - 76,2 მანეთი. ამ მაჩვენებლით საქართველოს უკანასკნელისწინა, 14-ე ადგილი ეკავა. დარჩენილი ფულადი რესურსები გადიოდა საქართველოდან ხანგრძლივი მოხმარების, დეფიციტური საქონლის (ავეჯი, ავტომობილები) შესაძენად. აღნიშნული მიზნებით საქართველოდან გატანილი ფულადი რესურსების ყოველი ერთი მანეთის მყიდველობითი უნარიანობა, როგორც წესი, 1,5-2,0-ჯერ უფრო დაბალი იყო ადგილობრივი მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობის ფულის მყიდველობით უნარიანობაზე.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს დაახლოებით 1.3 მლნ. მოსახლეობა  სამხრეთული სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) წარმოებიდან ყოველწლიურად ღებულობდა ნახევარ მილიარდ მანეთზე მეტ შემოსავალს (მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით თვეში - 32 მანეთი).

 საქართველო ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფებოდა მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის წარმოებით.

ჩამორჩენას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობაში. მოსახლეობის ერთ სულზე ხორცის წარმოებით საქართველოს 15 რესპუბლიკას შორის ეკავა  X  ადგილი, კვერცხის - შესაბამისად, XI ადგილი, რძის წარმოებით - XIII-XIV ადგილი. მეცხოველეობის პროდუქციის ყოველ ერთ ცენტნერ ნამატზე კაც-საათების დანახარჯებით საქართველო პირველ ადგილზე იყო, უსწრებდა რა ამ მაჩვენებლით საშუალო საკავშირო დონეს 2,5-2,7-ჯერ. 

აღნიშნული ჩამორჩენა ასახვას ჰპოვებდა სურსათის საშუალო სულადობრივ მოხმარებაშიც. საქართველოს თითოეული მცხოვრები მოიხმარდა საშუალო საკავშირო მაჩვენებელზე ნაკლებს: კარტოფილს - 55 კგ-ით, ბოსტნეულსა და ხორცს - 15-15 კგ-ით თითოეულს, თევზეულს - 9კგ-ით, მცენარეულ ზეთს - 4,0 კგ-ით ნაკლებს. მოსახლეობის მოხმარებულ ყოველ 1კგ პურზე ხორცის მოხმარება შეადგენდა: საქართველოში -  239 გრამს, სსრკ-ში - 466 გრამს, ესტონეთში - 967 გრამს.

მიუხედავად ამგვარი ჩამორჩენისა, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ე.წ. საკავშირო ფონდს საქართველოდან მიეწოდებოდა წარმოებული ციტრუსების 21,9%, კარტოფილის 34,8%, ხილისა და კენკრის 20% და ბოსტეულის 11,1%.

მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო ბოლო ადგილზე იდგა აშენებული ბინების რაოდენობის მიხედვით.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი საქართველოში ყველაზე დრამატულად წარიმართა. 1994 წლისთვის 1988 წელთან შედარებით წარმოება თითქმის 4-ჯერ დაეცა.  საქართველოს მსგავსად, პოსტსაბჭოთა ქვყნებიდან ეკონომიკის მდგომარეობას არ მიუღწევია რეფორმამდელი დონისათვის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს (უკრაინა, მოლდოვა).   

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მტრული პოლიტიკის გამო საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გავლილ პერიოდში ვერ აწარმოა დაახლოებით 400 მლრდ. აშშ დოლარის მშპ.